- ევროპარლამენტი
- შეიქმნა პარიზის ხელშეკრულებასთან ერთად, თუმცა სახელი ევროპარლამენტი ეწოდა მხოლოდ 1962 წელს. 1979 წლიდან ევროპარლამენტი არის არჩევითი და მის არჩევაში მონაწილეობს ევროკავშირის ყველა მოქალაქე. არჩევნების სისტემა ყველა სახელმწიფოში განსხვავებულია, თუმცა არჩევნები დროის ერთ მონაკვეთში ტარდება და ყველა ქვეყანაში შედეგებიც ერთდროულად ქვეყნდება. უკანასკნელი არჩევნების შედეგად (2004 წლის 10-13 ივნისი) არჩეული იქნა 732 ევროპარლამენტარი. ძირითადად, ხმის მიცემა ხდებოდა პროპორციული წესით, დ’ონდტის მეთოდის გამოყენებით. ეს მეთოდი გამორჩეულია იმით, რომ მასში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მცირე პარტიების უფლებები. იტალიაში გამოიყენებოდა ღია სიები, დიდ ბრიტანეთში კი დახურული სიები (ინგლისი, უელსი და შოტლანდია) და ერთჯერადი გადატანითი ხმების (single transferrable votes) სისტემა. პარლამენტი და კანონმდებლობა: 1) მონაწილეობას იღებს კონკრეტული პოლიტიკის მიღებაში. საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაში მონაწილეობს კომისიასთან ერთად, ხშირად არაფორმალურად, ხშირად კი კომისია ეკითხება რჩევას; 2) პარლამენტს თავად შეუძლია იყოს კანონპროექტის ინიციატორი. ეს შესაძლებელია ორ შემთხვევაში: ა) საინიციატივო მოხსენებები. პარლამენტს შეუძლია გამოვიდეს საინიციატივო მოხსენებით, თუმცა კომისია არაა ვალდებული რეაგირება მოახდინოს მათზე. მიუხედავად ამისა, ხშირად კომისია ითვალისწინებს პარლამენტის აზრს; ბ) მაასტრიხტის ხელშეკრულების 192-ე მუხლის მიხედვით პარლამენტს შეუძლია მოთხოვოს კომისიას წარმოადგინოს მოხსენება, თუ ხმების უმრავლესობით მიიჩნევს, რომ ამგვარი წინადადება ხელშეკრულების შესასრულებლად აუცილებელია.Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.